საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ქუთაისში პარლამენტის შენობის სხდომათა დარბაზი 26 მაისს გაიხსნება. ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილმა ბათუმში, გაეროს მსოფლიო
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, 26 მაისისთვის მუშაობა დასრულებული იქნება შენობის გარე ფასადზეც.
სააკაშვილმა უშუალოდ ქუთაისის რესტავრაციაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ დღეს იგი ყველაზე თანამედროვე ქალაქი ხდება.
„ხშირად ვამბობთ, რომ ჩვენ აღვადგენთ ქალაქების იერსახეს, მაგრამ არის ადგილები, სადაც აღსადგენი არაფერი იყო. პრაქტიკულად, ქალაქებს თავიდან ვაშენებთ“-განაცხადა მან.
პრეზიდეტმა ბათუმის განახლებულ იერსახესა და ახალციხის ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა. მისი თქმით, ახალციხე, რომელიც მივიწყებული ქალაქი იყო, ახალ სიცოცხლეს უბრუნდება.

















