საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის თქმით, ევროკავშირის ბოლო 3 წლის კვლევების მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
„საქართველო უფრო უსაფრთხოა, ვიდრე დანია, შვეიცარია, აღარ ვლაპარაკობ საფრანგეთსა და გერმანიაზე“ - განაცხადა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საქართველოში 4.5-5-ჯერ ნაკლები დანაშაული ხდება, ვიდრე რუსეთში და 4-ჯერ ნაკლები ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში.
„საქართველოში ჩამოსული ტურისტები აქედან გაიტანენ ამბავს, რომ საქართველო არის ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა ევროპაში, ასევე, ამბავს ინფრასტრუქტურის სწრაფად განვითარების შესახებ. ჩვენ ვაშენებთ ძალიან თანამედროვე აეროპორტებს ფოთსა და ქუთაისში“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მიხეილ სააკაშვილი ბათუმში გაეროს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა.

















