კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მსოფლიოში არ არსებობს არც ერთი ნორმალური ქვეყანა, რომელშიც უცხო ქვეყნის
მოქალაქეს ქვეყნის პირველი პირის თანამდებობის დაკავების საშუალება აქვს.
აღნიშნული განცხადება, ივანიშვილმა დღეს ვაკის პარკში ჟურნალისტებთან გააკეთა.
ივანიშვილის თქმით, დღევანდელი კანონმდებლობით ორმაგი მოქალაქეობის მქონე ქართველსაც კი არ შეუძლიათ პარლამენტის თავმჯდომარის ან პრემიერ-მინისტრის პოსტის დაკავება.
„ასეთი რამ არც ერთ დემოკრატიულ სახელმწიფოს არ ახასიათებს. ეს იყო სააკაშვილისეული დემოკრატია. ახლა სურთ კანონი შეცვალონ და კონკრეტული პიროვნება ისე გახდეს ქვეყნის პირველი პირი, რომ საქართველოს მოქალაქე, შესაძლოა, არც იყოს. ასეთი შემთხვევა მსოფლიოში არ არსებობს“- განაცხადა ივანიშვილმა.
ბიზნესმენმა აღნიშნა, რომ საქართველოში ის 2004 წელს ჩამოვიდა და 2005 წლიდან გადასახადებს იხდის.
პარლამენტმა საკონსტიტუციო ცვლილებები გუშინ პირველი მოსმენით მიიღო. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებს შემდეგი შინაარსის ახალი 104/4 მუხლი დაემატა - „2014 წლის 1 იანვრამდე საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის და ხმის მიცემის უფლება საქართველოს მოქალაქეებთან ერთად შესაბამისი ასაკიდან ასევე აქვთ პირებს, რომლებიც დაბადებული არიან და ბოლო 10 წელი მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.

















