„სოჭის 2014 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშები და ქართულ-ჩერქეზული ეკო-კულტურული გარემო“ იქნება ივლისში, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაგეგმილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის თემა.
კონფერენციაში ჯეიმს თაუნის საერთაშორისო ფონდის წარმომადგენლები, ექსპერტები და ჩერქეზთა საერთაშორისო საბჭოს წევრები მიიღებენ მონაწილეობას.
ჩერქეზული კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მერაბ ჩუხუას განცხადებით, ღონისძიების მიზანია - სოჭის ოლიმპიადისა და ჩერქეზული პრობლემების ინტერნაციონალიზაცია და მისი საერთაშორისო საზოგადოების სამსჯავროზე გატანა.
„სოჭის ოლიმპიადასთან დაკავშირებით ჩერქეზ და ქართველ ხალხს ერთი პრობლემა აერთიანებთ. სოჭი არის ტერიტორია, სადაც ჩერქეზთა გენოციდი მოხდა. იქვე ახლოს, მდებარე ტერიტორიაზე აფხაზეთში ქართველთა ეთნოწმენდა განხორციელდა. თუ ჩერქეზთა გენოციდი 140 წლის წინ მოხდა, აფხაზეთში ეთნოწმენდა 20 წლის წინ იყო, თუმცა, ეს პროცესი დღესაც გრძელდება“- აღნიშნა მან.
მისი თქმით, სოჭში დღემდე არსებობს ჩერქეზთა კულტურული ძეგლები და საფლავები.

















