"თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ცაგარეიშვილი ვანის მაჟორიტარ დეპუტატს,
ბეჟან ხურციძეს საპარლამენტო ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" რიგებში გაწევრიანებას საჯაროდ სთავაზობს.
"ნიუსპრესთან" საუბარში გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" სურვილს გამოთქვამს, რათა ბეჟან ხურციძე თავის რიგებში იხილოს.
"ახლა ჯერი თავად ბეჟან ხურციძეზეა. მან უნდა მიიღოს გადაწყვეტილება. ეს არის ღია შეთავაზება, ჩვენ არაფერი დასაფარი და დასამალი არ გვაქვს. მოხარული ვიქნებით, ეს ადამიანი ჩვენს ფრაქციაში ვიხილოთ", - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.
თავად ბეჟან ხურციძეს რომელიმე საპარლამენტო ფრაქციაში შესვლის გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. ვანის მაჟორიტარი დეპუტატი ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობიდან" გასულ კვირას გარიცხეს.

















