პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პავლე კუბლაშვილმა საკონსტიტუციო ცვლილების ახალი ნორმა წარადგინა, რომლის თანახმადაც, პირი,
რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა, საქართველოში ბოლო 10 წელი უნდა ცხოვრობდეს.
მანამდე არსებული ვარიანტით კი, საქართველოში ბოლო 3 წლის მანძილზე მუდმივი ცხოვრების ნორმა განიხილებოდა.
„რაც შეეხება პირადად ჩემს პოზიციას, „ქრისტიან–დემოკრატების“ გასაგონად მინდა ვთქვა, რომ ჩვენ ცვლილებებს მხოლოდ ერთი პირობით დავუჭერთ მხარს - პირდაპირ უნდა ჩავწეროთ, რომ საპარლამენტო, საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღების უფლება ექნება პირს, რომელიც ევროკავშირის წევრი ქვეყნის მოქალაქეა, დაბადებულია საქართველოში და ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში მუდმივად ცხოვრობდა. ცვლილება 2014 წლის 1 იანვრამდე იმოქმედებს“ – აღნიშნა კუბლაშვილმა.
მან განმარტა, რომ კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერს ბიძინა ივანიშვილს სრული უფლება ექნება საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს.
ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრები ახალ საკონსტიტუციო ნორმას აპროტესტებენ. მათი შეფასებით, საყოველთაო–სახალხო განხილვის კომისიამ სულ სხვა საკონსტიტუციო ცვლილებებზე იმსჯელა და ახლა პარლამენტში სულ სხვა განიხილება.

















