საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერის აკაკი მინაშვილის შეფასებით, მომავალ პარლამენტში კოლიცია “ქართული ოცნების” ორი მესამედით მოხვედრა, მხოლოდ მითია.
აღნიშნული განცხადება მან პლენალურ სხდომაზე საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვისას გააკეთა.
მინაშვილის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილება ბიძინა ივანიშვილს საშუალებას აძლევს საპარლამენტო არჩევნებში სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა.
“აი, ბურთი და აი მოედანი, თუ რამის თავი გააჩნია, არჩევნები ღია და სამართლიანია. ვნახოთ, ამ თანაბარ შეჯიბრში რა შედეგს მიაღწევს” - განაცხადა აკაკი მინაშვილმა და დაამატა, რომ ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქეობაზე უარი ორჯერ განაცხადა.
“საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, როდესაც საქართველო უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდა, მან რუსეთის ფედერაციის მოქალაქობა აირჩია.
რატომ? იმიტომ რომ იქ მარტივი, კორუმპირებული გზით ფულის შოვნის საშუალება იყო. როდესაც ივანიშვილს მეორედ საქართველოს მოქალაქეობა განსაკუთრებული წესით მიანიჭეს, მან საფრანგეთის მოქალაქეობა აირჩია. რატომ? იმიტომ რომ მას არ სურდა და არა აქვს ინტერესი ქვეყანა ვითარდებოდეს. მესამედ, იუსტიციის სამინისტროს შესაბამისმა უწყებამ მას მოქალაქეობის მიღების სამართლებრივი გზა მიუთითა, თუმცა, ამ გზაზეც უარი განაცხადა” - განმარტა აკაკი მინაშვილმა.
მინაშვილის ეს პოზიცია საპარლამენტო ოპოზიციამ გააკრიტიკა.

















