პარლამენტის პირველ ვიცე-სპიკერს მიხეილ მაჭავარიანსა და ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ თავმჯდომარეს დიმიტრი ლორთქიფანიძეს შორის დღეს, პლენარულ სხდომაზე სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა.
ლორთქიფანიძემ საპარლამენტო უმრავლესობას ბიუროს სხდომის მასმედიისგან ფარულად ჩატარების გამო უსაყვედურა, სადაც ლაზიკასთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილების თაობაზე გაკეთდა განცხადება.
„არც ერთი თავმოყვარე ერი თავს უფლებას არ მისცემდა, რომ მმართველ გუნდს ყოველგვარი პასუხისმგებლობის გარეშე განეხორციელებინა ცვლილებები და საკუთარ პოლიტიკურ თარგზე მოეჭრა კონსტიტუცია“ – აღნიშნა ფრაქციის თავმჯდომარემ.
მას ვიცე-სპიკერი შეეკამათა, რომელმაც განმარტა, რომ ბიუროს სხდომა ჩუმად არ გამართულა და თუ რაიმეა გამჭვირვალე, ეს პარლამენტია.
„პარლამენტის ბიურო შეიკრიბა და ინიციატივა დაარეგისტრირა. ლაზიკა არ მოგწონთ, ნუ მოგწონთ. საკონსტიტუციო ცვლილება არ მოგწონთ, ნუ მოგწონთ. თქვენ მედიის ადვოკატად არავის დაუნიშნიხართ“ – მიმართა მაჭავარიანმა კოლეგას.
აღსანიშნავია, რომ ოპოზიციონერი დეპუტატი პირველ ვიცე–სპიკერს დარბაზიდან ეკამათებოდა, თუმცა, მისთვის მიკროფონი აღარ ჩაურთავთ.

















