პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია მიიჩნევს, რომ პარლამენტი დღეს იმ საკონსტიტუციო ცვლილებებზე მსჯელობს, რაც განხილულიც კი არ ყოფილა.
ამ წუთებში პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა დაიწყო. კონსტიტუციის გარდამავალ დებულებებში სპეციალური ჩანაწერი კეთდება და მას შემდეგი შინაარსის 104/4 მუხლი ემატება - „2015 წლის 1 იანვრამდე ამ კანონით გათვალისწინებული პასიური და აქტიური საარჩევნო უფლებით საქართველოს მოქალაქეებთან ერთად ასევე სარგებლობენ პირები, რომლებიც დაბადებული არიან საქართველოში, 10 წელი უცხოვრიათ, ბოლო სამი წლის განმავლობაში მუდმივად ცხოვრობენ საქართველოში და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს მოქალაქეობა აქვთ“.
„კონსტიტუციას ბიძინა ივანიშვილისთვის ცვლით, ოღონდ როდესაც დაფიქრდით, მიხვდით, რომ მხოლოდ 3 წლის ვადით უნდა მისცეთ მას პოლიტიკაში მოქმედების უფლება“ – მიმართა ბაღათურიამ უმრავლესობას.
მისივე თქმით, პრეზიდენტმა ნახევარ აბზაციანი განკარგულების გამოცემა არ ინება და პარლამენტი კომიკურ სიტუაციაში ჩააყენა. მან აღნიშნულ საკონსტიტუციო ცვლილებას კარიკატურული და კომიკური უწოდა.

















