საქართველოში ფერმერთა მომსახურების 12 ახალი ცენტრი ამოქმედდება. ამის შესახებ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ცენტრებში გლეხებსა და ადგილობრივ ფერმერებს საშუალება ექნებათ სხვადასხვა სერვისებით ისარგებლონ. მათში 42 სახის აგროოპერაცია იქნება ხელმისაწვდომი.
„აქ იგულისხმება ნიადაგის მოხვნა, მოსავლის აღება, კულტივაცია, დაფრეზვა, ბოსტნეულის თესვა. შეღავათიან ფასში მოხდება შხამ-ქიმიკატისა და მექანიზაციის მარაგ-ნაწილების რეალიზაცია, საერთაშორისო და თანამედროვე სტანდარტების ტექნოლოგიების ათვისება, ახალი სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურება, ასევე, სხვადასხვა ტიპის აგროოპერაციების თაობაზე კონსულტაციების მიღება“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისივე თქმით, ფერმერები ასევე 5 სახის ლაბორატორიულ აგრომომსახურეობას მიიღებენ - ნიადაგის ანალიზი, ცხოველთა მოვლის, კვებისა და დაავადებების გამოკვლევა, თესლის ხარისხისა და შხამ-ქიმიკატების ანალიზი და კლიმატური პირობებისა და პროგროზირების ლაბორატორიული მომსახურება.
პრესსპიკერის განცხადებით, სერვის ცენტრების მშენებლობა უკვე სრულდება აბაშაში, ზესტაფონში, ოზურგეთში, სამტრედიაში, დედოფლისწყაროში, ქარელში, კასპში, გურჯაანში, ამბროლაურში, ახალციხეში, ბოლნისსა და მარნეულში.

















