პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოსა
და საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ამის შესახებ კოალიციის იურისტების ჯგუფის წევრებმა შალვა თადუმაძემ და ალექსანდრე ბარამიძემ დღეს „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
ბარამიძის განცხადებით, მათ ორი ძირითადი მოთხოვნა აქვთ - პირველი ბათილად იქნეს ცნობილი სამოქალაქო რეესტრის დასკვნა, რომლის თანახმადაც საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე ივანიშვილის განცხადება არ დაკმაყოფილდა; მეორე მოთხოვნაა პრეზიდენტს დაევალოს ბიძინა ივანიშვილის საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ ბრძანებულების გამოცემა.
ადვოკატების განმარტებით, სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს დასკვნა თითქოს, ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქეს არ შეეძლო პრეზიდენტისთვის საქართველოს მოქალაქედ მიღების თაობაზე განცხადებით მიემართა, ქართულ კანონმდებლობას ეწინააღმდეგება.
მათივე განმარტებით, პრეზიდენტმა კი, უმოქმედობით „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ კანონი უხეშად დაარღვია. ადვოკატების თქმით, აღნიშნული კანონის თანახმად სწორედ საქართველოს პრეზიდენტი იღებს გადაწყვეტილებას პირის მოქალაქედ მიღების შესახებ - დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, იგი ბრძანებულებას გამოსცემს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხევაში - განკარგულებას.
იურისტების განცხადებით, მათ სარჩელით სასამართლოს 2 მაისს მიმართეს. სასამართლომ აღნიშნული საქმე 2 თვის ვადაში უნდა განიხილოს და შესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
საფრანგეთის მოქალაქე ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს მოქალაქედ მიღების შესახებ პრეზიდენტს 5 იანვარს მიმართა. 4 აპრილს კი, სამოქალაქო რეესტრის სააგენტომ დასკვნა გამოსცა, რომლის თანახმადაც ბიძინა ივანიშვილს, როგორც უცხო ქვეყნის მოქალქეს არ შეეძლო ნატურალიზაციის წესით საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე პრეზიდენტისთვის განცხადებით მიემართა, მას ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება უნდა ეთხოვა.

















