საპარლამენტო ფრაქცია “ერთობა სამართლიანობისთვის” თავმჯდომარე დიმიტრი ლორთქიფანიძემ პრეზიდენტის ის განცხადება გააკრიტიკა, რომელიც ქუთაისის პარლამენტის მშენებლობას უკავშირდება.
პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე ლორთიფანიძემ აღნიშნა, რომ პრეზიდენტმა იმ პირების პასუხისმგებლობაზე ისაუბრა, ვინც პარლამენტის მშენებლობის დასრულებას ვერ მოასწრებს.
ლორთქიფანიძის თქმით, პრეზიდენტმა ერთ-ერთი გამოსვლისას აღნიშნა, რომ 26 მაისისთვის ქუთაისის შენობის მშენებლობა თუ ვერ დასრულდება, მაშინ მინისტრ რამაზ ნიკოლეიშვილს ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემები შეექმნება.
“ღმერთმა დაიფაროს რამაზიც და ნებისმიერი ადამიანიც, რომელიც შეიძლება მსგავსი პასუხისმგებლობის ქვეშ დადგეს და პირადი ნერვიულობისა და ჯანმრთელობის ფასად დაუჯდეს შეუსრულებელი პირობა” – განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, დარწმუნებით შეიძლება ითქვას, რომ 26 მაისს ქუთაისში პარლამენტის შენობის დასრულება ვერ მოესწრება.
“ჩვენ უკვე ვნახეთ აჩქარებას რა მოჰყვა, როდესაც პარლამენტის შენობის ადგილას ობელისკის აფეთქებას დედა-შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა იმიტომ, რომ სპეციალისტები ააჩქარეს” - განაცხადა ლორთქიფანიძემ.
მისი თქმით, 26 მაისს, უმრავლესობა იმ შენობაში არ უნდა შევიდეს, სადაც ხარაჩოების მეტი არაფერი დგას.
“მოგიწოდებთ კანონის მოთხოვნები გაითვალისწინოთ და არც თქვენი ჯანმრთელობა დააყენოთ საფრთხის ქვეშ და არც მტერი გააცინოთ” – მიმართა დიმიტრი ლორთქიფანიძემ უმრავლესობას.
მას პირველმა ვიცე–სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა უპასუხა. იგი ამტკიცებს, რომ ქუთაისში საკანონმდებლო ორგანოს მშენებლობა გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს.

















