ჟენევის მოლაპარაკების ფარგლებში მოქმედი კომისიის თანათავმჯდომარეების დღევანდელ შეხვედრაზე, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების განსახილველად გალის მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზებზე მსჯელობა გაიმართება.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიისა და კრიზისის საკითხებში ფილიპ ლეფორი, გაერო-ს გენერალური მდივნის წარმომადგენელი ანკი ტურუნენი და ეუთო-ს თანათავმჯდომარის წარმომადგენელი პოდრიგ მერფი. ქართულ მხარეს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ხელძღვანელობს.
სამუშაო შეხვედრა საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართება.
როგორც სერგი კაპანაძემ დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა, აღნიშნული შეხვედრის ჩაშლის საკითხის განხილვა დღეისთვის ყველაზე აქტუალური პრობლემაა.
„ჯერჯერობით ეს მექანიზმები შეჩერებულია და არც შეხვედრები იგეგმება. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ, ასეთი მიზანმიმართული ქმედებები იმით დასრულდა, რომ ეს შეხვედრები არ გაიმართება“- განაცხადა კაპანაძემ.
მისი განმარტებით, 7-8 ივნისს დაგეგმილი ჟენევის მოლაპარაკებების 20-ე რაუნდის გამართვას ჯერჯერობით საფრთხე არ ემუქრება.
„თუმცა, მთავარი თემა, რომელსაც ამ შეხვედრაზე წარმოვადგენთ, სწორედ მოლაპარაკების ფორმატზე განხორციელებული მიზანმიმართული დარტყმები იქნება“ - განაცხადა კაპანაძემ.
მინისტრის მოადგილის განმარტებით, მეორე მნიშვნელოვანი საკითხი, რომელზეც მსჯელობა გაიმართება, რუსეთის მხრიდან და ოკუპირებული ტერიტორიებიდან საქართველოში განხორციელებული ტერორისტული აქტები იქნება.
სტუმრები ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთში იმყოფებოდნენ.
ფილიპ ლეფორი დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტს ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა.
დელეგაციის წევრები თბილისიდან სოხუმში, ხოლო შემდეგ, მოსკოვში გაემგზავრებიან.

















