საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა პეტრე ცისკარიშვილმა ოპოზიციის ნაწილს რუსული იმპერიის სიყვარულის გამო უსაყვედურა.
დღეს პლენალურ სხდომაზე გამოსვლისას ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ არავისთვის გასაკვირი არ არის როგორ მუშაობდა საბჭოთა პოლიტიკა და პროპაგანდა.
“საქართველო იმ პერიოდში თავის თავს ეკუთვნოდა? საქართველოს დედაქალაქი არ გახსოვთ ალბათ, მაგრამ მოსკოვში იყო. თქვენ გინდათ დღესაც იქ დავბრუნდეთ. თქვენი ლიდერები მოსკოვიდან იღებენ დირექტივებს. თქვენი პოლიტიკა იმისკენ არის მიმართული, რომ საქართველო რუსულ იმპერიას ჩაბარდეს და ისევ დიდი რუსეთის ერთ-ერთი რეგიონი გახდეს” - მიმართა ოპოზიციას ცისკარიშვილმა.
მან აჭარაზეც ისაუბრა და ასლან აბაშიძის პერიოდი გაიხსენა. “ასლან აბაშიძის პერიოდში, 2004 წლამდე აჭარა თბილისს ექვემდებარებოდა? ეს რეალურად 2004 წლის შემდეგ მოხდა“ - აღნიშნა ცისკარიშვილმა.
მან ჯონდი ბაღათურიას იმ განცხადებასაც უპასუხა, რომლის თანახმად, პრეზიდენტს მის მიერ გაკეთებული განცხადებების გამო დასცინიან. ცისკარიშვილის თქმით, საქართველოს დამცინავად არავინ უყურებს, რისი მაგალითიც მომავალ კვირას, ბათუმში დაგეგმილი ეუთოს ეკონომიკური ფორუმია.
ცისკარიშვილის განმარტებით, საქართველო არავის დასაცინი ქვეყანა არ არის, პირიქით, ბევრი ქვეყანა საქართველოს ინტერესით უყურებს, ბევრი კი, მისგან რეფორმების გადაღებასაც ახდენს.

















