რუსეთის ხელისუფლების მხრიდან ქართველი ხალხის სიყვარული ჯერჯერობით, მხოლოდ ქართული საზოგადოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებში გამოიხატება - აღნიშნული განცხადება დღეს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
იგი რუსეთის პრეზიდენტის დღევანდელ მილოცვას გამოეხმაურა, რომელშიც პუტინი ქართველ ხალხს ფაშიზმზე გამარჯვების დღეს ულოცავს.
მანჯგალაძის შეფასებით, პუტინის ეს ქმედება ცინიზმის მორიგი გამოხატულებაა.
„ეს არის ერთი ხელით საქართველოსთან მეგობრობაზე, ძმობაზე და ქართველი ხალხის სიყვარულზე საუბარი, მეორე ხელით კი - ასაფეთქებელი ნივთიერებების გამოგზავნა“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
მისი თქმით, ის ფაქტი, რომ რამდენიმე დღის წინ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდში ასაფეთქებელი ნივთიერება შემოიტანეს, ცხადჰყოფს რუსეთის აგრესიულ ზრახვებს საქართველოს, ქართველი ხალხისა და საზოგადოების მიმართ.
„მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ სამართალდამცავებს, რომელთა ოპერატიულობის შედეგად, თავიდან იქნა აცილებული საკმაოდ დიდი საფრთხე და დროულად აღიკვეთა ტერორისტული აქტი“ - აღნიშნა მანჯგალაძემ.
ასაფეთქებელი ნივთიერება რამდენიმე დღის წინ მოქალაქეებმა ზუგდიდის პროკურატურასთან აღმოაჩინეს.

















