საპარლამენტო ფრაქცია „ერთობა სამართლიანობისთვის“ წევრი გიორგი ცაგარეიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ აფხაზეთსა და სოხუმზე გაკეთებულ განცხადებას სამარცხვინოს უწოდებს.
დღეს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას გიორგი ცაგარეიშვილმა განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ქუთაისში მესხიშვილის თეატრში გამოსვლისას თქვა, რომ აფხაზეთი საქართველოს შემადგენლობაში არ ყოფილა.
“პრეზიდენტის მხრიდან ეს ცინიკური და აღმაშფოთებელი განცხადებაა. ნებისმიერ ოპოზიციონერ დეპუტატს ეს რომ ეთქვა, მას ქვეყნის მოღალატედ გამოახცადებდით ” – მიმართა ცაგარეიშვილმა უმრავლესობას.
მისივე თქმით, სააკაშვილმა ამ ერთი განცხადებით, რუსეთის ფედერაციას და სეპარატისტებს ათწლეულობის მანძილზე ნანატრი ოცნება აუსრულა – მოეგლიჯათ აფხაზეთი დედა სამშობლოსგან.
დეპუტატის ინფორმაციით, მაშინ, როდესაც სააკაშვილი აფხაზეთთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებდა, პარალელურად “ქართული ოცნების” წარმომადგენელ ახალგაზრდებს სახანძროები წყლის ჭავლით „წუწავდნენ“.
მისი თქმით, ამ ფაქტზე უკვე არა მხოლოდ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი საუბრობს, არამედ შესაბამისი დასკვნა ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანზიაციამ „საერთაშორისო ამნისტიამ“-აც გამოაქვეყნა.

















