ექსპერტი არჩილ გეგეშიძე მიიჩნევს, რომ საუკუნის დასაწყისში მსოფლიოში მომხდარი დიდი გეოპოლიტიკური ძვრები, საქართველოს რამდენიმე
მნიშვნელოვანი საფრთხის წინაშე აყენებს.
მოსალოდნელ საფრთხეებზე ექსპერტმა დღეს „საქართველოს დემოკრატიზაციის გზამკვლევის“ პრეზენტაციაზე ისაუბრა.
გეგეშიძის განცხადებით, 2000 წლის დასაწყისიდან, მსოფლიოში რამდენიმე მნიშვნელოვანი ტენდენცია გამოიკვეთა, რომელიც გავლენას საქართველოზე აუცილებლად მოახდენს.
„ეს გეოპოლიტიკური ძვრები დიდი სახელმწიფოების გავლენის სფეროებს ეხება, თუმცა, პირდაპირ კავშირშია ისეთი მოწყვლადი სახელმწიფოს უსაფრთხოებასთან, როგორიც საქართველოა“ - აღნიშნა მან.
ექსპერტის განმარტებით, ახალ გეოპოლიტიკურ პირობებში საქართველოს მიმართ საფრთხეების მთელი სპექტრი იქმნება. ერთ-ერთ მსგავს საკითხად მას ევროკავშირში მიმდინარე პროცესები მიაჩნია, რადგან მისივე თქმით, გამორიცხული არაა, ერთიანი ევროპის იდეის მდგრადობა და სიცოცხლისუნარიანობა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.
„ეს ძალიან სერიოზულია ჩვენთვის, რადგან ევროპა და მისი ინსტიტუტები ჩვენი განვითარების ორიენტირია. ამ სივრცეში სიღრმისეული კრიზისული პროცესების განვითარებამ, შესაძლოა, ჩვენი ორიენტირების გაქრობა გამოიწვიოს“ - აღნიშნა მან.
გეგეშიძე საქართველოს უსაფრთხოებისთვის საფრთხედ ნატო-ს ტრანსფორმაციასაც მიიჩნევს.
მისი თქმით, ნატო-საქართველოს არც დღევანდელი ურთიერთობა და არც უახლოესი პერსპეტივები, ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიას არ იძლევა, რადგან თავად ნატო-ს კოლექტიური უსაფრთხოების სისტემა განიცდის ტრანსფორმაციას.
„დღეს ნატო-ს დასავლელი პარტნიორები არ საუბრობენ, რომ რუსეთს, ფაქტიურად, ვეტოს უფლება აქვს ალიანსის აღმოსავლეთ მიმართულებით გაფართოებაზე, თუმცა, ყველამ იცის, რომ ეს ასეა“-აღნიშნა გეგეშიძემ.
ამასთან, ექსპერტი მიიჩნევს, რომ საქართველოსთვის საფრთხის შემცველია ირანის ბირთვული ამბიციებიც.
მისი განმარტებით, საერთაშორის თანამეგობრობა ვერ ახერხებს, რომ ირანს ბირთვული ტექნოლოგიების განვითარებაში შეუშალოს ხელი, რაც სხვა მეზობელი ქვეყნებისთვისაც გადამდები ფაქტორი იქნება.
„შეიძლება ბირთვულ გარემოცვაში აღმოვჩნდეთ და თუ ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორი - აშშ ვერ მოახერხებს ტექნოლოგიურად უფრო მაღალი იარაღის შექმნას, შესაძლოა, გადარჩენის ამოცანის გათვალისწინებით, ახალი სტრატეგიული არჩევანის გაკეთება მოგვიწიოს“- განაცხადა გეგეშიძემ.
ასევე, ექსპერტი არ გამორიცხავს, რომ სამომავლოდ საფრთხე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკასაც შეექმნას.

















