პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ რამდენიმე წევრს „დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოსთვის“ არგუმენტირებული პასუხის გაცემა მოუწევს. ამის შესახებ
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ განაცხადა.
მისი თქმით, კოალიციის ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა დამაჯერებლად თქვა, რომ „დემოკრატიულ მოძრაობას“ ხელისუფლებასთან თანამშრომლობაში არ ადანაშაულებს.
ბურჯანაძის განცხადებით, დღეს გაცილებით უფრო უხერხულ მდგომარეობაში კოალიციის ის წევრები არიან, რომლებიც ნაადრევად გამოეხმაურნენ გაზეთში გამოქვეყნებულ ვერსიას და აღნიშნულ საკითხზე კომენტარის გაკეთება იჩქარეს, რათა თავიანთი ლიდერისთვის ესიამოვნებინათ.
„ნამდვილად მოუწევთ პასუხის გაცემა, რადგან მათ „დემოკრატიულ მოძრაობის“ ორიენტაციასთან დაკავშირებით კითხვები დასვეს. თუმცა, სიამოვნებით მინდა აღვნიშნო, რომ ღირსეული პოზიცია დაიკავა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ და თავიდანვე გამორიცხა ის შესაძლებლობა, რომ „დემოკრატიული მოძრაობა“ ხელისუფლებასთნ კავშირშია“ - ხაზი გაუსვა ბურჯანაძემ.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებმაც კოალიციის მხრიდან კომენტარის გაკეთება იჩქარეს და სხვადასხვა კითხვა დასვეს, არ გასჩენიათ შეკითხვა - რატომ ზის 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შემდეგ 42 პოლიტპატიმარი ციხეში და რისთვის იხდის სასჯელს.

















