პარტია „სალომე ზურაბიშვილი - საქართველოს გზის“ წარმომადგენლები სასჯელაღსრულების, პრობაციის და იურიდიული
დახმარების მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თანამდებობდან გათავისუფლებას ითხოვენ. ამის შესახებ მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
პარტიის წარმომადგენელთა თქმით, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმრების გარდაცვალების ფაქტები ბოლო პერიოდში საგანგაშოდ გახშირდა.
„ბაჩო ახალაიას მეთოდებით კალმახელიძის უწყებაში პატიმრების წამება დღესაც უალტერნატივოდ რჩება“ - აცხადებენ პარტიაში.
მათივე განმარტებით, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, გარდა კალმახელიძის გათავისუფლებისა, პატიმართა საქმეებზე პარლამენტთან სპეციალური კომისიის შექმნაა აუცილებელი. ასევე, თითოეული პატიმრის გარდაცვალების ფაქტის გამოძიება საზოგადოებრივი და საერთაშორისო კონტროლის ქვეშ უნდა წარიმართოს.
რამდენიმე დღის წინ, სასჯელაღსრულების დაწესებულებებში ოფიციალური ინფორმაციით, ავადმყოფობის გამო ორი პატიმარი გარდაიცვალა.

















