პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატი ჯონდი ბაღათურია საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარეს დავით ბაქრაძეს ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს.
ბაღათურიას განცხადებით, 10 დღეა გასული იმ სამარცხვინო საქციელიდან, რაც უმრავლესობის წევრებმა აზერ სულეიმანოვმა და აკაკი ბობოხიძემ ერთობლივად პარლამენტის სხდომაზე ჩაიდინეს. იგი 24 აპრილს პარლამენტში მომხდარი ინციდენტზე საუბრობს, რომელიც მასსა და აზერ სულეიმანოვს შორის მოხდა. სულეიმანოვმა მაშინ ბაღათურია “სომეხ კოლეგად” და “ბაღათურიანად” მოიხსენია.
ოპოზიციონერი დეპუტატის განმარტებით, ხელისუფლების არც ერთ წევრს, მათ შორის არც პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ ფაქტის გამო ბოდიში არ მოუხდია.
„დავით ბაქრაძემ ქართულ საზოგადოებას ბოდიში უნდა მოუხადოს იმის გამო, რაც დარბაზში მოხდა. ეს არ იყო მხოლოდ ეთნიკურად სომხების შეურაცხყოფა. ქართველების შეურაცხყოფაა, როდესაც საქართველოს პარლამენტის წევრები ასე უღირსად იქცევიან. უმრავლესობის სახელით ბოდიშს ვინ მოიხდის, ეს მათი ნებაა, მაგრამ რადგან ფაქტი პარლამენტში მოხდა, უმჯობესია ეს ბაქრაძემ გააკეთოს“ - აღნიშნა ჯონდი ბაღათურიამ.
დღეს ჯონდი ბაღათურია პარლამენტში ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა და ამ საკითხზე ისაუბრა.

















