საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ ვაშაკიძე რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის
მეთაურის ნიკოლაი მაკაროვის ევროპის მიმართ გაკეთებულ განცხადებებს, საქართველოსთვის, ისევე როგორც სხვა ქვეყნებისთვის, საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
როგორც ვაშაკიძემ დღეს ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა, რუსეთის მხრიდან ევროპის მისამართით გამოთქმული მუქარები ყურადსაღებია და რეაგირებას საჭიროებს.
მაკაროვმა განცხადებები 3 მაისს გააკეთა და ის ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში რაკეტსაწინააღმდეგო დანადგარების შესაძლო განთავსებას უკავშირდებოდა.
ამასთან, ვაშაკიძემ დღევანდელ ბრიფინგზე რუსეთში გუშინ გამართული საპროტესტო აქციები შეაფასა და აღნიშნა, რომ მსგავსი ტიპის აქციები მოსკოვში ჯერ კიდევ არჩევნების პერიოდში იმართებოდა.
მისი თქმით, აქციები განპირობებულია რუსეთის საზოგადოების დემოკრატიული ნაწილის სურვილით - შეიცვალოს რუსეთის რეჟიმი.
რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას პუტინის პრეზიდენტობის პირობებში, ვაშაკიძის შეფასებით, ამ მიმართულებით არაფერი შეიცვლება.
„პუტინი არსად წასულა, მედვედევის პრეზიდენტობის პერიოდშიც რუსეთს ის მართავდა. მათი მმართველობის პოლიტიკური სტილიდან გამომდინარე, ვერ ვიტყვით, რომ ოპტიმისტური განწყობა უნდა გვქონდეს“- განაცხადა ნიკოლოზ ვაშაკიძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები მას შემდეგ გაწყვიტა, რაც აღნიშნულმა ქვეყანამ საქართველოს კუთვნილი ტერიტორიები ე.წ დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა.

















