საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შეფასებით, საქართველო კავკასიის ხალხთა მაგალითია.
როგორც მან გორში, პოლიციის საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველომ სახელმწიფოებრიობის შექმნა რეკორდულად მოკლე დროში შეძლო.
„10 საუკუნე დავით აღმაშენებლამდე და 10 საუკუნე მას შემდეგ, საქართველოში კონსოლიდირებული სახელმწიფოს შექმნა არავის უნახავს. ეს ყველამ ერთად დღეს მოვახერხეთ. იგი შემდგომი 10 საუკუნის განმავლობაში ისტორიას შემორჩება, ისევე, როგორც დავით აღმაშენებლის დამსახურებები შემორჩა“ - განმარტა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, საუკუნეების განმავლობაში რუსეთის იმპერიამ კავკასიელები ისე მოწამლა, რომ ქართველ ხალხს მტრად მიიჩნევდნენ, ახლა კი - სიტუაცია რადიკალურად შეცვლილია და მთლიანად კავკასიამ ახალი ორიენტირი და განვითარების მოდელი დაინახა.
ამასთან, მისი თქმით, დამპყრობელი კრიმინალიზირებულ, ჩამორჩენილ, მორჩილ და ადვილად მანიპულირებად საქართველოს ვერასდროს ნახავს.
მისივე თქმით, იმ პიროვნებამ, რომელმაც საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ე.წ. სახელმწიფოებად უკანონო აღიარებას ხელი მოაწერა, ჯერ საქართველოს პოლიციის კანონი გადაწერა ხოლო შემდეგ პოლიციის ფორმა, მანქანების აღჭურვილობა და შენობები გადაიღო. თუმცა, საქართველოს პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ წარმატებული რეფორმის შესაქმნელად მთავარია ერს ახალი მენტალიტეტი ჰქონდეს.

















