საქართველო მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის და ევროპის მასშტაბით ორიენტირია - ამის შესახებ პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გორში, პოლიციის საზეიმო აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, გამოკითხვების მიხედვით, საქართველო ევროპაში ყველაზე უსაფრთხო ქვეყანაა.
„ჩვენთან დანაშაულის დონე უფრო დაბალია, ვიდრე საფრანგეთში, გერმანიასა და სკანდინავიის ქვეყნებში. პოსტ-საბჭოთა სივრცეზე აღარ ვლაპარაკობ“ - განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, საქართველო მთელი მსოფლიოსთვის მისაბაძ მაგალითად იქცა, რადგან ქვეყანაში ხელისუფლებამ ორგანიზებული დანაშაულის დამარცხება შეძლო.
მისი განცხადებით, საქართველო ორგანიზებული დანაშაულებისგან გათავისუფლებაში სხვა ქვეყნებსაც ეხმარება.
„თუ 2004-2005 წლებში ევროკავშირი გვაკრიტიკებდა რაღაც რეფორმების გამო, დღეს თბილისში რამდენიმე სემინარი ტარდება, სადაც ევროპის განვითარებული ქვეყნების წარმომადგენლები ჩვენი რეფორმების გასაცნობად და შესასწავლად ჩამოდიან“ - აღნიშნა მან.
პრეზიდენტი გორში პოლიციის აღლუმს დაესწრო და ხაზგასმით განაცხადა, რომ პოლიცია ქვეყანაში მაღალავტორიტეტულია.

















