საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში გორში პოლიციის აღლუმზე სიტყვით გამოდის.
მან ქართული პოლიციის რეფორმაზე და საზოგადოებაში ამ ინსტიტუტის ავტორიტეტულობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პოლიციას საზოგადოებაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალი ნდობის რეიტინგი აქვს.
„პოლიციას საზოგადოების 90% ენდობა. ნდობის რეიტინგის მიხედვით მას მხოლოდ საქართველოს ეკლესია და შეიარაღებული ძალები უტოლდება. ეს ნამდვილად არ არის შემთხვევითი. საზოგადოებამ დააგროვა დიდი გამოცდილება და დიდი გზა განვლო“-აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, 2002 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით პოლიციას მხოლოდ 5-6% ენდობოდა.
„პოლიცია ეზიზღებოდათ საქართველოში. ის საფრთხის წყაროდ აღიქმებოდა. პოლიციის დაბალი რეიტინგის პირობებში კი, კრიმინალს საქართველოში კარგი პირობები ჰქონდა შექმნილი “-განაცხადა სააკაშვილმა.
მისი თქმით, ახალმა ხელისუფლებამ მთავრობაში მოსვლის შემდეგ პირველად სწორედ პოლიციის რეფორმა განახორციელა.

















