"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, მათი მთავარი ამოცანა არჩევნების არჩევნებამდე მოგებაა,
"რადგან დღეს საქართველოს ყავს ხელისუფლება, რომელიც უკანონოდ შეიჭრა პარლამენტის შენობაში და ქვეყანას სათავეში ისე ჩაუდგა."
ეს განცხადება ლეიბორისტების ლიდერმა პარლამენტის წინ გამართულ საპროტესტო აქციაზე გააკეთა. მისი თქმით საქართველოში დაუსჯელობის სინდრომის დამკვიდრების ტრადიციამ ელექტროენერგიის გადასახადის ზრდა და სკოლების ნაცვლად პოლიციის შენობებისა და საავადმყოფოების მშენებლობა გამოიწვია. "ლეიბორისტების" ლიდერის თქმით, საქართველოს ისეთი ხელისუფლება სჭირდება, რომელიც მოსახლეობას პოლიციამდე და საავადმყოფომდე არ მიიყვანს.
ნათელაშვილმა დღევანდელ აქციაზე საქართველოს პრეზიდენტს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი ჰუმანურია და შესაძლებელია მას მძიმე განაჩენი არც გამოუტანონ.
მისივე თქმით, მიტინგები გაგრძელდება და სისტემატიურ ხასიათს მიიღებს.
"დღევანდელი აქცია არის ნაწილი იმ დიდი პროცესისა, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დასრულებამდე მიგვიყვანს. გაძლევთ პირობას, რომ ამ პარაზიტების ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, აქ გამარჯვების სუფრას გავშლით" - განაცხადა ნათელაშვილმა.

















