მეთვრამეტე სამკურნალო დაწესებულებაში პატიმარ ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გაიმართა.
აქცია რიგითი მოქალაქეების მიერ სოციალური ქსელის საშუალებით დაიგეგმა.
აქციის ორგანიზატორის გიორგი თარხნიშვილის განცხადებით, ისინი იმ ადამიანების დასჯას მოითხოვენ, ვისაც ზურაბ დელიანიძის სიკვდილში მიუძღვის ბრალი.
მისივე თქმით, სასჯელაღსრულების მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ თანამდებობა უნდა დატოვოს.
აქციის მონაწილეებს ეჭირათ პლაკატები წარწერით: - „ყოველ 3 დღეში, 1 გარდაცვლილი“, „წარმატებული რეფორმა“, „ნუ სჯით პატიმრებს, დასაჯეთ ჯალათი“, „გადადგეს ხათუნა კალმახელიძე“, „ნუ გადააყენებთ დამნაშავეს, გაუშვით ციხეში“.
ზურაბ დელიანიძე მე-18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში 1 მაისს გარდაიცვალა.

















