"დემოკრატიული მოძრაობა" "თავისუფალი დემოკრატების" დაპატიმრებულ აქტივისტებს თანადგომას უცხადებს და მათ და მათი ოჯახის წევრებს გამძლეობას უსურვებს.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" განცხადებაშია ნათქვამი, პოლიტპატიმრებისათვის სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა ყველა ოპოზიციური პარტიის მხრიდან მნიშვნელოვანია, რათა პოლიტიკური შეხედულებების გამო ხელისუფლებამ მოქალაქეებზე ზეწოლა და ტერორი აღარ განახორციელოს.
"დემოკრატიული მოძრაობა" იმედს გამოთქვამს, რომ უფლებადაცვითი ორგანიზაციები აღნიშნულ ფაქტს რეაგირების გარეშე არ დატოვებენ.
"ჩვენ არ გვაქვს ილუზია, რომ ხელისუფლება ობიექტურ გამოიძიებას ჩაატარებს, ვინაიდან ჩვენი მომხრეების წინააღმდეგ წარმოებული ათობით და ასობით საქმის გათვალისწინებით ვიცით, თუ რა ტერორისა და ზეწოლის ქვეშ შეიძლება ამყოფოს ხელისუფლებამ დაპატიმრებულები და მათი ოჯახის წევრები, რათა მისთვის სასურველი აღიარებითი ცრუ ჩვენებები მოიპოვოს " - ნათქვამია განცხადებაში.
პოლიციამ "თავისუფალი დემოკრატების" გორის რაიონული ორგანიზაციის სამი აქტივისტი, აკაკი მახარაშვილი და აკაკი და ჯაბა ელიაშვილები დააკავა.

















