საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი წარმატების ერთადერთ რეცეპტად ქვეყნის აღმშენებლობას მიიჩნევს.
ამის შესახებ მან ბათუმში უნივერსიტეტის სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
პრეზიდენტის თქმით, საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობა და საზოგადოების კონსოლიდაცია სჭირდება.
მისივე განცხადებით, სიღარიბე დროებითია თუ გვეცოდინება სად და როგორ მივდივართ.
„ვერავინ ვეღარ გვკრავს ხელს. თუ ჩვენ აღმშენებლობა დავამთავრეთ, რომელმა ნატომ და ევროკავშირმა უნდა თქვას საქართველოზე უარი. შეგვეხვეწებიან, რომ შევიდეთ. ეს მანამდეა ძნელი სანამ ჰგონიათ, რომ მორიგი ჩამორჩენილი, გაუბედურებული ქვეყანა მიადგა და მათ კარებს ფხაჭნის“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
მისივე თქმით, ნატო ფინეთს ეხვეწება გაწევრიანებაზე, ევროკავშირი კი ნორვეგიას.
„ასევე უნდა ვიყოთ ჩვენ. იმ მდგომარეობამდე უნდა მივიდეთ, რომ გვითხრან აუცილებლად შემოდითო. მერე ყველა იქით იქნება ჩვენთან ვალში და იქით შემოგვთავაზებს ყველაფერს“- აღნიშნა სააკაშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარჩინებულ სტუდენტებს აჭარის რევოლუციის რვა წლისთავთან დაკავშირებით შეხვდა და მათ მიმდინარე პროექტებზე, ახალ ინიციატივებსა და რეფორმებზე ესაუბრა.

















