პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე მიხეილ მაჭავარიანი და "ქართული დასის" ლიდერი ჯონდი ბაღათურია პარლამენტის სხდომაზე წაკინკლავდნენ.
სხდომის წამყვანმა მიხეილ მაჭავარიანმა ბაღათურიას იმის გამო უსაყვედურა, რომ ეს უკანასკნელი კანონპროეტქების შინაარსს არ კითხულობს და განხილვისას მის მიერ გამოთქმული შენიშვნები პროექტის არსს არ უკავშირდება. ბაღათურია ბრალდებას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ სხდომაზე გასატან ყველა კანონპროექტს ყურადღებით ეცნობა.
"მაგ სიმართლით იარე შენ" - მიაძახა ბაღათურიას მაჭავარიანმა, რამაც ოპოზიციონერი დეპუტატი გააბრაზა.
"ჩემი გამოსვლების შემდეგ ცინიკურ და კომიკურ კომენტარებს აკეთებთ და ჩემს დისკრედიტაციას მიზანმიმართულად ცდილობთ. ამით კი რეგლამენტს არღვევთ. მე აღვნიშნე, რომ ჩვენი ფრაქცია "ერთობა სამართლინობისათვის" კანონპროექტებს კითხულობს. გთხოვთ, ჩემი გამოსვლების შემდეგ რეპლიკებს თავი დაანებოთ", - მიმართა ბაღათურიამ მაჭავარიანს და აღნიშნა, რომ მსგავსი რეპლიკები უხერხული და უკანონოა.
ბაღათურიას რეაქციამ პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გაამხიარულა.
"ცოტა გავერთეთ, თორემ დილიდან ცუდ ხასიათზე ვიყავი", -- უთხრა წაკინკლავების შემდეგ მიხეილ მაჭავარიანმა ბაღათურიას.

















