საქართველოს სახალხო დამცველი მთავარ პროკურორს ჟურნალისტების უფლებადარღვევის თითოეულ ფაქტზე, ეფექტური საგამოძიებო ღონისძიების გატარებისკენ მოუწოდებს.
ამის შესახებ ჟურნალისტთა უფლებადარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.
განცხადების თანახმად, 2012 წლის 2 მაისს ქუთაისის დღესთან დაკავშირებით, ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ჟურნალისტთა ნაწილი არ დაუშვეს.
„ამავე წლის 3 მაისს, ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიმდინარე შეხვედრაზე არ დაუშვეს ადგილობრივი გაზეთის ,,P.S.“-ის ჟურნალისტი ირაკლი ვაჩიბერაძე, რომელსაც მისივე განცხადებით, ოთხმა უცნობმა პირმა ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ჩამოართვეს ციფრული გადამღები, ტელეფონი და ხმის ჩამწერი აპარატი“- ნათქვამი განცხადებაში.
სახალხო დამცველის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, ინფორმაციის მოპოვებისას პრობლემა ასევე, რადიო „ძველი ქალაქისა“ და გაზეთ „ვერსიას“ ჟურნალისტ თორნიკე ხურციძესა და გაზეთ „ალიასა“ და ტელეკომპანია „მაესტროს“ ჟურნალისტ ნანა თვალაბეიშვილსაც შეექმნა.
მათივე ინფორმაციით, 2012 წლის 4 მაისს პროფესიული საქმიანობის განხორციელების საშუალება არ მიეცა tspress.ge-ს ჟურნალისტ იზა სალაყაიას, რომელსაც მისივე განცხადებით, პრეზიდენტის დაცვის თანამშრომლებმა ვიდეოგადამღები და ჩანთა წაართვეს და შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.
განცხადების თანახმად, ამავე დღეს ინტერნეტ გამოცემა „ლაივპრესისა“ და „ნეტგაზეთის“ რეპორტიორებს - ოთარ დალაქიშვილსა და თამარ ზანთარაიას ზუგდიდის პროკურატურასთან ასაფეთქებელი ნივთიერების აღმოჩენის შემდეგ სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა პირებმა ტერიტორიის გადაღების საშუალება არ მისცეს და კამერები წაართვეს. უცნობმა პირებმა ტექნიკა მას შემდეგ დააბრუნეს, რაც ჩაწერილი მასალა წაშალეს.
„სახელმწიფოს ვალდებულებაა პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას თითოეულ ჟურნალისტს საშუალება მისცეს განახორციელოს მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთან სახელმწიფო ვალდებულია გაატაროს სათანადო ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი ფიზიკური ხელშეუხებლობა“- ნათქვამია განცხადებაში.

















