არჩევნებისა და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი კახა კახიშვილი საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგებს უნდობლობას უცხადებს.
ამის შესახებ მან დღეს პრესკონფერენციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, IRI-ს და ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული კვლევები წინასაარჩევნოდ მოსახლეობის განწყობის შექმნისკენაა მიმართული.
კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ აღნიშნული კვლევით, „ქრისტიან- დემოკრატიულმა“ მოძრაობამ ფონი შექმნა, თითქოს, მას ამომრჩეველთა დიდი არმია ჰყავს და საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, საკუთარ წარმატებას ამ კვლევებით გაამყარებს.
„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, აქაც იგივე შედეგები დადო IRI-მ, რაც NDI-ს კვლევებმა, ანუ „ნაციონალურ მოძრაობას“ ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ხოლო კიდევ უფრო მაღალი რეიტინგი მოძრაობის პირველ პირს - პრეზიდენტს“ -განაცხადა მან.
კახიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოცემულ ვითარებაში საქართველოში შეუძლებელია დამოუკიდებელი კვლევევის ჩატარება, რადგან საზოგადოება დაშინებულია.

















