საპარლამენტო უმრავლესობის წევრი აკაკი ბობოხიძე ქუთაისში პარლამენტის სხდომების 11.00 საათის ნაცვლად, 12.00 საათზე დაწყებას არ
ეთანხმება. ამის შესახებ აკაკი ბობოხიძემ დღეს გარემოს დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტი განიხილებოდა.
„მიმაჩნია, რომ პარლამენტის დილის სხდომა 11:00 საათზე უნდა დაიწყოს. ყველას გასაგონად ვამბობ, ზუსტად იმდენი დრო სჭირდება ქუთაისიდან თბილისში ჩასვლას, რამდენიც პირიქითაა საჭირო. ვერ ვაცნობიერებთ, რომ ძირითადი სამუშაო ადგილი ქუთაისი იქნება?“ – იკითხა ქუთაისის მაჟორიტარმა ბობოხიძემ.
მას საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ დავით თოდრაძემ გასცა პასუხი, რომელიც რეგლამენტის პროექტზე მომხსენებელი იყო.
თოდრაძის თქმით, 11:00 საათზე დეპუტატები თბილისიდან ქუთაისში ჩასვლას ვერ მოასწრებენ. მისივე თქმით, მომავალ პარლამენტში დეპუტატები 2 საათის ნაცლად ერთ საათს შეისვენებენ. აკაკი ბობოხიძე არც ამ წინადადებას ეთანხმება.
პარლამენტის რეგლამენტის ახალი პროექტის თანახმად, მომავალი პარლამენტის სხდომები ოთხშაბათსა და პარასკევს გაიმართება და 11 საათის ნაცვლად, 12:00-ზე დაიწყება.
მომავალ პარლამენტში დეპუტატები ერთსაათიანი შესვენებით – 15:00-დან 16:00 საათამდე ისარგებლებენ. ამჟამად კი, დეპუტატები 2 საათიანი შესვენებით სარგებლობენ.

















