კამპანია „სამოქალაქო სოლიდარობის“ წევრები დღეს 17:00 საათზე, სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების
სამინისტროსთან შეიკრიბებიან და მინისტრ ხათუნა კალმახელიძესთან შეხვედრას მოითხოვენ.
როგორც „ნიუსპრესს“ კამპანიის წევრმა ჟურნალისტმა შორენა შავერდაშვილმა განუცხადა, „სამოქალაქო სოლიდარობა“ მინისტრისგან ციხეში გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით ახსნა-განმარტებას მოითხოვს.
„ბოლო ერთი წლის განმავლობაში ეს ციხეში პატიმრის გარდაცვალების 143-ე შემთხვევაა. შესაბამისად, გვსურს მინისტრს ამ საკითხზე დაველაპარაკოთ“ - აღნიშნა შავერდაშვილმა.
გარდაცვლილი პატიმრის ზურაბ დელიანიძის ფოტოები 3 მარტს სოციალურ ქსელში გავრცელდა. ფოტოზე გარდაცვლილს ზურგზე ჭრილობები და სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმარი ზურაბ დელიანიძე ვენერიული დაავადების მწვავე ფორმით ავადმყოფობდა. მათივე ინფორმაციით, დელიანიძეს, 2011 წლის 13 დეკემბერს, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სამინისტრის ინფორმაციით 2012 წლის 7 მარტს მსჯავრდებული დელიანიძე, მკურნალობის მიზნით, #18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
საქმის დეტალებით სახალხო დამცველიც დაინტერესდა.

















