„სახალხო კრების“ წევრები კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილისგან გაზეთ „ალაიში“ „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო
ბურჯანაძის მისამართით გაკეთებული ბრალდებების უტყუარობის დადასტურებას ითხოვენ. ამის შესახებ „სახალხო კრების“ აღმასრულებელი საბჭოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
მათი განმარტებით, როგორც კრების წევრებისთვის, ასევე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია, გაირკვეს ბურჯანაძის მისამართით ბრალდებები ნამდვილად ბიძინა ივანიშვილმა გამოთქვა თუ არა.
„ბიძინა ივანიშვილის ფიგურიდან გამომდინარე, საზოგადოება ინფორმაციას მის ზუსტ პოზიციასთან დაკავშირებით სწორედ მისგან - ბიძინა ივანიშვილისაგან მოელის“ - აცხადებენ კრებაში.
ამასთან, „სახალხო კრების“ წევრები მიიჩნევენ, რომ აღნიშნულ კითხვას პასუხი უმოკლეს დროში უნდა გაეცეს, რადგან ამ ტიპის განცხადებები ოპოზიციურ სპექტრში დაპირისპირებად აღიქმება.
მათივე განმარტებით, „სახალხო კრების“ რომელიმე წევრის მიმართ გამოთქმული ნებისმიერი ბრალდება „სახალხო კრების“ ყველა წევრზე გამოთქმულ ბრალდებად აღიქმება.
ამასთან, კრებაში აღნიშნავენ, რომ „ალიაში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუში ივანიშვილის ბრალდებების წაკითხვა მათთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.
„გაზეთში დაბეჭდილი ბრალდება როგორც პოლიტიკური, ისე მორალური თვალსაზრისით უმძიმესია და ჩვენს მიერ ეს ერთიან გუნდში განხეთქილების შეტანის მცდელობად აღიქმება“ - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, „სახალხო კრებაში“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ამ საკითხზე კომენტარს განგებ არ აკეთებდნენ.
„გავჩუმდით, როდესაც მორალს ის ძალები გვიკითხავდნენ, რომლებმაც 2011 წლის 26 მაისის მოვლენების შორიდან ყურება და დუმილი არჩიეს. გავჩუმდით არა იმიტომ, რომ საპასუხო არგუმენტები არ გვქონდა, არამედ იმიტომ, რომ მიგვაჩნია - ოპოზიცია ერთმანეთს კი არა არსებულ რეჟიმს უნდა ებრძოდეს“ - აღნიშნავენ „სახალხო კრებაში“
ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუ გაზეთ „ალიაში“ პირველ მაისს გამოქვეყნდა. იგი ინტერვიუში ნინო ბურჯანაძეს ფსევდოოპოზიციონერს უწოდებს და ხელისუფლებასთან შეკრულ პოლიტიკოსად მიიჩნევს.

















