"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" მიერ დღეს გამართული ამომრჩეველთა სიების აუდიტის პრეზენტაციის შედეგებით,
სიის 60 პროცენტი ზუსტია.
როგორც "ნიუსპრესს" "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებიდან" აცნობეს, ამომრჩეველთა 60 პროცენტი იმ მისამართზე ცხოვრობს, სადაც რეგისტრირებულია, ხოლო მოქალაქეთა 40 პროცენტი რეგისტრირებულ მისამართზე არ ცხოვრობს. შესაბამისად, სია ამომრჩევლების რეალური რაოდენობას არ ასახავს.
"სამართლიანი არჩევნების" ინფორმაციით, ამომრჩეველთა რეგისტრაციის პრობლემა მოხსნილია. 2011 წლის აგვისტოს განახლებული სიების მდგომარეობით, სიაში გარდაცვლილების ასახვა 0,6 პროცენტამდეა დაყვანილი. მთავარ პრობლემად კი მიგრაცია რჩება.
"სამართლიანი არჩევნების" ცნობით, შიდა და გარე მიგრაციის გათვალისწინებით 6, 8 პროცენტით არის დადასტურებული გარე მიგრანტების რაოდენობა. შიდა მიგრაციაზე 9 პროცენტი მოდის, ხოლო 25 პროცენტი პოტენციურ მიგრანტებს ასახავს, როდესაც ვერ დასტურდება ამომრჩეველთა ფაქტობრივი მისამართი. ამომრჩეველთა სიის დაუზუსტებელი 40 პროცენტიდან, 16 პროცენტი ნამდვილად არ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე, 25 პროცენტის შემთხვევაში კი სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ დადასტურდა მოქალაქეთა საცხოვრებელი მისამართი.
"სამართლიანი არჩევნების" ცნობით, ამომრჩეველთა სიის დაზუსტებისთვის შეიქმნა შესაბამისი საბჭო, რომელიც მიგრანტი ამომრჩევლების ზუსტ რაოდენობას დაადგენს, რის შედეგადაც სიის სრულყოფა მოხდება.

















