ქართული მხარე მზად არის ახალგორის რაიონი ბუნებრივი აირით მოამარაგოს, თუმცა, ამ საქმეში ხელის შემშლელი ფაქტორი ოკუპირებულ
ტერიტორიაზე განლაგებული რუსული ბაზებია. ამის შესახებ ე.წ სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა დიმიტრი სანაკოევმა დღეს პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„მზად ვართ ახალგორის რაიონის ადგილობრივი მოსახლეობა ბუნებრივი აირით დღესვე მოვამარაგოთ, თუმცა არ გვსურს, რომ ამით იმ ქვეყნის ბაზებმაც ისარგებლონ, რომელსაც ჩვენი ტერიტორია აქვთ ოკუპირებული“ - აღნიშნა სანაკოევმა.
მან სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლების მხრიდან სარწყავი წყლით მომარაგების საკითხზე შექმნილ პრობლემაზეც ისაუბრა.
სანაკოევის განმარტებით, საბჭოთა ხელისუფლებამ რეგიონში სარწყავი სისტემა ისე ააგო, რომ არხები ქართულ და ოსურ სოფლებს თანაბრად კვეთს.
„აქედან გამომდინარე, ცხინვალის მიერ სარწყავი წყლით მომარაგებაზე მიღებული ყველა უარყოფითი გადაწყვეტილება ქართულ და ოსურ მოსახლეობას ერთნაირად აზარალებს“ - აღნიშნა მან.

















