კონტროლის პალატის მიერ „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ დაჯარიმება ხელისუფლებისთვის უკიდურესად წამგებიანი
პოლიტიკური ქმედება იქნება. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ იურისტმა არჩილ კბილაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კონტროლის პალატა აშკარად ემზადება „ქართული ოცნების“ ხელახლა დასაჯარიმებლად.
კბილაშვილის განმარტებით, აღნიშნულთან დაკავშირებით თავად კონტროლის პალატის განცხადებაში ნათქვამია, რომ პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშსწორების საკითხში ფინანსურ შეუსაბამობას ვარაუდობენ.
„აცხადებენ, რომ არსებობს ფინანსური შეუსაბამობები პოლიტიკური სუბიექტების ანგარიშსწორების საკითხში და ამას სწავლობენ. ეს ადამიანურ ენაზე ნიშნავს - გვსურს დავაჯარიმოთ „ქართული ოცნება“ ან კოალიციის ოფისების მესაკუთრეები და გვინდა ამ მიზნით მასალები შევისწავლოთო“- განმარტავს კბილაშვილი.
მისი თქმით, მოახერხებს თუ არა კონტროლის პალატა „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ დაჯარიმებას ორ საკითხზეა დამოკიდებული - პირველი ხელისუფლების მხრიდან კანონის თვითნებური აღქმაა.
„კანონი ჩვენთან ისე აღიქმება და განიმარტება, როგორც ეს ხელისუფლებას უნდა და სამწუხაროდ, სასამართლო ვერ ახორციელებს კონტროლს. შეიძლება ითქვას, რომ მათ რაიმე დაბრკოლება არ შეხვდებათ გზაზე, რომლითაც მათთვის სასურველი რეალობის დადგენას შეძლებენ“ - განაცხადა კბილაშვილმა.
ამასთან, კბილაშვილის განმარტებით, „ქართული ოცნების“ კიდევ ერთხელ დაჯარიმებით დადასტურდება, რომ ხელისუფლებას არსებული გამოწვევების ეშინია და კონკურენტი პოლიტიკური ძალის აქტივობის აღკვეთას ცდილობს.
მისივე თქმით, ხელისუფების მხირდან გასათვალისწინებელია ისიც, რომ აღნიშნულ პროცესს დასავლელი პარტნიორებიც დააკვირდებიან და პოზიციასაც დააფიქსირებენ.
მისივე ინფორმაციით, კონტროლის პალატამ დღეს „ქართული ოცნების“ სიღნაღის ოფისის მესაკუთრე 16:00 საათზე ახსნა-განმარტებებისთვის დაიბარა. როგორც მან „ნიუსპრესთან“ საუბარში აღნიშნა, მესაკუთრეები სურვლის შემთხვევაში, კოალიციის ადვოკატების თანდასწრებით დაიკითხებიან.
კბილაშვილიმა ასევე აღნიშნა, მესაკუთრეების დაკითხვა კონტროლის პალატისთვის პოლიტიკური დავალებაა, რომელიც მათი დაშინებისკენაა მიმართული.
კონტროლის პალატამ პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ მიერ დაქაირავებული ოფისების მესაკუთრეები ახსნა-განმარტებებისთვის გუშინ დაიბარა.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, პალატამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მასში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან მიმართებაში გაწეული ხარჯების კანონიერების სწავლობს.

















