პოლიტიკური კოალიცია „ქართული ოცნების“ ქუთაისის ოფისს შვეიცარიის კონფედერაციის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში გიუნტერ ბეხლერი ეწვია.
„ქართული ოცნების“ ინფორმაციით, შვეიცარიის ელჩი 2 მაისის ქუთაისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, ახალგაზრდების მიერ ქუთაისში გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის დეტალებით დაინტერესდა.
მან მომხდარის შესახებ უშუალოდ აქციის მონაწილეებისგან მიიღო ინფორმაცია და ინციდენტის ამსახველ ვიდეომასალასაც გაეცნო.
„ზოგადად საქართველოს, როგორც სახელმწიფოს უნდა ჰქონდეს იმის ინტერესი, რომ ეს ყველაფერი დაიცვას. რაც თქვენგან მესმის, ეს არ უნდა ხდებოდეს. კიდევ გასაკეთებელი, იმისთვის, რომ ეს არჩევნები თავისუფალი იყოს“- განაცხადა გიუნტერ ბეხლერმა.
მისივე თქმით, ელჩების ჯგუფი არჩევნებზე დაკვირვების პროცესში თავის წვლილს შეიტანს.
„ქართული ოცნების” ქუთაისის ორგანიზაციის აქტივისტები ქალაქის ცენტრში აღმაშენებლის ძეგლთან 2 მაისს ღამით, ,,ქუთაისქალაქობის” აღსანიშნავად შეიკრიბნენ. მათ ანთებული სანთლებით წარწერა „გილოცავთ ქუთაისობას“ გამოსახეს. აქციის მიმდინარეობისას გზის ფეხით სავალ ნაწილს სატვირთო მანქანა მიუახლოვდა, რომელმაც მშვიდობიანი დემონსტრაცია წყლის ჭავლით დაშალა.

















