კონტროლის პალატის პოლიტიკური პარტიების ფინანსური მონიტორინგის სამსახური კოალიცია „ქართული ოცნებისა“ და მასში შემავალი სუბიექტების მიერ იჯარით აღებულ ფართებთან მიმართებაში გაწეული ხარჯების კანონიერების სწავლობს.
კონტროლის პალატის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, პალატა მონიტორინგს „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-2 ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის საფუძველზე ახორციელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გაწეულ საქმიანობასა და ფინანსურ აღრიცხვა-ანგარიშგებას შორის აშკარა შეუსაბამობა ფიქსირდება.
„ამ მიზნით, 2012 წლის 2 მაისს, საქართველოს კონტროლის პალატის ქუთაისის, ბათუმის და თბილისის ოფისებში მოწვეული არიან მოქალაქეები, რომელთაც აქვთ საიჯარო და სამეწარმეო ურთიერთობები პოლიტიკურ სუბიექტთან, რათა კონტროლის პალატამ მათი ფინანსური საქმიანობის კანონშესაბამისობის შესახებ აუდიტორული რწმუნება მიიღოს“ - ნათქვამია განცხადებაში.
კონტროლის პალატის ინფორმაციით, აღნიშნული პირები მოწმის სტატუსით არიან დაბარებული და კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა უფლებით სარგებლობენ.

















