საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ბათუ ქუთელია საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას ქვეყნის დეოკუპაციის პარალელურ პროცესად განიხილავს.
ამის შესახებ ქუთელიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი განმარტებით, ევროატლანტიკური ინტეგრაციის წარმატებულად წარმართვა მნიშვნელოვანი ფაქტორია, რათა დეოკუპაციის პოლიტიკა უფრო ეფექტურად განხორციელდეს.
„პარალელურად, წარმატებული დეოკუპაციის პოლიტიკა დადებით გავლენას ახდენს ჩვენს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. ეს ორი პროცესი ერთდროულად მიმდინარეობს და იმით დასრულდება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი თავისი ტერიტორიების სრული შემადგენლობით“-აღნიშნა ქუთელიამ.
დღეს საქართველო-გერმანიის სტრატეგიულ ფორუმზე გერმანელმა ექსპერტმა შტეფან მეისტერმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ტერიტორიული კონფლიქტების მოგვარების გარეშე საქართველო ნატო-ს წევრი ვერ გახდება.

















