კორტებთან გამართული საპროტესტო აქციის მსგავსი შეკრებები საბოლოოდ შედეგს აუცილებლად გამოიღებს.
ამის შესახებ ,,ნიუსპრესთან“ საუბარში პარტია ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა ელისო ჩაფიძემ განაცხადა.
ყოფილი კორტების ტერიტორიაზე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა 6 წლის წინ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის წინააღმდეგ შსს-ს მიერ ჩატარებული სპეცოპერაცია და მათი მკვლელობა გააპროტესტეს.
,,აღსანიშნავია, რომ აქციებმა შედეგი უკვე გამოიღეს და ის ცუდი ტალღა, რაც ქუჩებში ახალგაზრდების ჩაცხრილვას გულისხმობდა, საბედნიეროდ შეწყდა. დღევანდელ აქციასაც თავისი შედეგი ექნება. რაც შეეხება ვაზაგაშვილის საქმეს ევროპული სასამართლო მას ბოლომდე მიიყვანს“ - განაცხადა ჩაფიძემ.
მისი თქმით, ის მრავალი წელია საქართველოში ადამიანის უფლებების დასაცავად იბრძვის და დრევანდელ აქციასაც ამ მიზნით შემოუერთდა.
ვაზაგაშვილის და ხუბულოვის გარდაცვალებიდან 6 წლისთავზე, კორტებთან საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და დაღუპულის ოჯახის წევრები იმყოფებოდნენ.

















