„ლეიბორისტული პარტია“ მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს „ლეიბორისტების“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის მკვლელობის შეკვეთაში ადანაშაულებს.
აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, პრესკონფერენციაზე პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა.
მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბერს, აქციების ძალადობრივი გზით დაშლის შემდეგ, პრეზიდენტის სპეცდანიშნულების რაზმებმა შალვა ნათელაშვილის ძებნის საბაბით, „ლეიბორისტული პარტიის“ ცენტრალური ოფისი, ნათელაშვილის ბინა თბილისში და სახლი სოფელ ბაზალეთში დაარბიეს.
გუგავას განმარტებით, ნათელაშვილის დაკავებისთანავე მისი მკვლელობა იყო დაგეგმილი, რაც ამერიკის ყოფილი ელჩის საქართველოში ჯონ ტეფტის ჩარევის წყალობით ვერ განხორციელდა.
„ოლიგარქ-კრიმინალმა ივანიშვილმა „ალიასთან” ინტერვიუში მოახდინა საუკუნის აღიარება პოლიტიკურ ტერორიზმზე და დაადასტურა, რომ მერაბიშვილ-სააკაშვილს სწორედ მან შეუკვეთა მაშინ ნათელაშვილის მკვლელობა“- განაცხადა გუგავამ.
მისივე თქმით, აღნიშნული პოლიტიკური ტერაქტის გამოსაძიებლად, პარტია სპეციალური კომისიის შექმნის მოთხოვნით გაერო-ს მიმართავს.
„მუშაობის დაწყებისთანავე კომისიას გადავცემთ ჩვენს ხელთ არსებულ ყველა სამხილსა და მასალას. ჩვენი ინფორმაციით, ივანიშვილს სხვა მკვლელობებიც აქვს შეკვეთილი“- განაცხადა გუგავამ.

















