საქართველო გერმანიას შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის 20 წლისთავს ეძღვნება დღეს, „თბილისი მარიოტში“ გახსნილი საქართველო-გერმანიის სტრატეგიული ფორუმი, რომელიც 2 დღეს გაგრძელდება.
როგორც საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით დარჩიაშვილმა განაცხადა, ფორუმზე საქართველო-გერმანიის პარტნიორული ურთიერთობის გაღრმავებისა და საერთაშორისო და რეგიონული უსაფრთხოების საკითხები, ასევე, საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პერსპექტივები განიხილება.
,,შეხვედრის ფორმატი ძალიან საინტერესოა. მთელ რიგ საკითხებზე ღიად და გულწრფელად გავცვლით აზრებს, რაც შემდეგ პრაქტიკული პოლიტიკის ფორმირებას შეუწყობს ხელს“ - განაცხადა დარჩიაშვილმა.
ფორუმის ორგანიზატორები კონრად ადენაურის ფონდი და საქართველოს ატლანტიკური საბჭო არიან.
ფორუმს საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები გერმანიის ბუნდესტაგისა და კანცლერის აპარატის წარმომადგენლები, ასევე, ექსპერტები და ანალიტიკური წრეების წარმომადგენლები ესწრებიან.

















