„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერის გოგა ხაინდრავას განცხადებით, დღეს კორტებთან გამართული აქციის მიზანი არსებული ხელისუფლების ქვეყნიდან მოცილებაა.
ამის შესახებ მან „ნიუსპრესს“ აქციაზე განუცხადა.
საპროტესტო აქციის მონაწილეები 6 წლის წინ ზურაბ ვაზაგაშვილისა და ალექსანდრე ხუბულოვის წინააღმდეგ შსს-ს მიერ ჩატარებულ სპეცოპერაციას და მათ მკვლელობას აპროტესტებენ.
„აქციის მიზანია აღნიშნული ხელისუფლება ქვეყანას რაც შეიძლება მალე მოსცილდეს. ეს აუცილებლად და ძალიან მალე მოხდება. დღევანდელი აქცია ჩვენს ბრძოლაში შედეგს მოიტანს. პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არის დეგრადირებული პიროვნება, ასეთივეა მთელი მისი გარემოცვა“ - განაცხადა ხაინდრავამ.
საპროტესტო აქციაზე საზოგადოების, პოლიტიკური და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები არიან შეკრებილი.
ზურაბ ვაზაგაშვილი და ალექსანდრე ხუბულოვი 2006 წლის 2 მაისს თბილისში კორტების ტერიტორიაზე ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლეს. შსს-ს ინფორმაციით, ისინი ყაჩაღობის მზადებაში იყვნენ ეჭვმიტანილები.
მომხდარის გამო, გამოძიება მალევე დაიწყო, თუმცა, სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა საქმის განხილვა შეწყდა, ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს კი, დაზარალებულის სტატუსი მოეხსნათ.
ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები და მათი ადვოკატები გამოძიების ოფიციალურ ვერსიას არ ეთანხმებიან და პროკურატურას ფაქტების გაყალბებაში ადანაშაულებენ. ისინი სპეცოპერაციაში მონაწილე პოლიციელთა წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის შეწყვეტასაც აპროტესტებენ.
საქმე სტრასბურგის ადმიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშია გასაჩივრებული.

















