"ქართული დასის" ლიდერის, ჯონდი ბაღათურიას განცხადებით, პროფესიული სასწავლებლების ნახევარზე მეტი დაიხურა, ქართულ ბაზარზე შემოსულ უცხოურ კომპანიებს კი თავიანთი მუშახელი შემოჰყავთ.
ბაღათურია იმ პროფესიული სასწავლებლების რაოდენობით დაინტერესდა, რომლებმაც სოფლის მეურნეობის მუშაკები უნდა გადაამზადონ. დეპუტატმა ამ შეკითხვით დღეს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ირინე ქურდაძეს მიმართა. მან პროფესიული განათლების შესახებ კანონში ცვლილების პროექტი მეორე მოსმენით წარადგინა.
როგორც ჯონდი ბაღათურიამ აღნიშნა, ქვეყანაში პროფესიულ განათლებას სათანადო ყურადღება არ ეთმობა და პროფესიული სასწავლებლების ნახევარზე მეტი დაიხურა. შესაბამისად, ქართულ ბაზარზე შემოსულ უცხოურ კომპანიებს, განსაკუთრებით, თურქულებს, თავიანთი მუშახელი მოჰყვება.
"მოგიწოდებთ, დავეხმაროთ ჩვენი ქვეყნის მუშახელს, რომ მას პროფესიული მომზადებისა და ადგილობრივ ბაზარზე დასაქმების საშუალება მიეცეს. რამდენი პროფესიული სასწავლებელი დარჩა საქართველოში, რომელიც სოფლის მეურნეობის მუშაკებს ამზადებს და ტექნიკასთან ურთიერთობას ასწავლის მათ?", - იკითხა დეპუტატმა.
ირინე ქურდაძე ბაღათურიას მოსაზრებას არ დაეთანხმა, რომ სახელმწიფო პროფესიულ განათლებას ყურადღებას არ უთმობს. მისი თქმით, მთავრობამ პროფესიული განათლების განვითარების სტრატეგია შეიმუშავა, ხდება პროფსასწავლებლების შენობების რეაბილიტაცია და სათანადო აღჭურვა, თუმცა პროფესიული განათლება მუდმივ დახვეწას მოითხოვს. რაც შეეხება უშუალოდ სოფლის მეურნეობის პროფილით მომუშავე პროფსასწავლებლებს, ქურდაძის თქმით, საქართველოში ასეთი წარმატებული სასწავლებლები მოქმედებს, რომლის ერთ-ერთ მაგალითად მან კაჭრეთში არსებული სასწავლებელი დაასახელა. ასეთი ობიექტების საერთო რაოდენობა კი არ დაუკონკრეტებია.
მინისტრის მოადგილის პასუხმა ჯონდი ბაღათურია არ დააკმაყოფილა. "სად გვაქვს სოფლის მეურნეობის პროფესიული სასწავლებლები? ოფიციანტების განვითარების კურსები გახსნა პრეზიდენტმა და დიდი ტაში დაუკრეს. ქვეყნის ეკონომიკის განვითარება მიმტანებზე უნდა ავაწყოთ თუ სოფლის მეურნეობაზე? გვინდა, ადგილობრივ ბაზარზე საქართველოს მოქალაქეები მუშაობდნენ. თქვენ კი თურქეთის მოქალაქეებს ასაქმებთ", - განაცხადა ჯონდი ბაღათურიამ.

















