იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა, არა მთავრობებს შორის.
ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, იერუსალიმის პატრიარქი დამოუკიდებელი ერთეულია, შესაბამისად, აღნიშნული საკითხი საქართველოს და ისრაელის მთავრობებს შორის განხილვის საგანი არ არის.
როგორც მინისტრი აღნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში, ისრაელის მთავრობა ქართულ მხარეს კონსულტაციას გაუწევს.
„ჩემს კოლეგებს ისრაელში წერილით მივმართე და პასუხიც მივიღე. თუ დაგვჭირდება მათი კონსულტაცია, ისინი დაგვეხმარებიან. მოლაპარაკებები ამ საკითხზე დაწყებულია, დანარჩენ დეტალებზე კი, კომენტარი ამ მომენტისთვის უადგილო იქნებოდა“ - განაცხადა ვაშაძემ.
იერუსალიმის ჯვრის მონასტრის საქართველოსთვის დაბრუნების საკითხზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ამ საკითხზე მოლაპარაკებების დაწყების თაობაზე ისარელში საქართველოს პარლამენტის სპიკერი დავით ბაქრაძეც იმყოფებოდა, რომელიც მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, იერუსალიმის პატრიარქსაც შეხვდა.

















