დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი მირზა (პაპუნა) დავითაია დღეს, საქართველოში სტუმრად მყოფ ჩერქეზულ დიასპორას შეხვდა.
როგორც "ნიუსპრესს" დისპორის სამინისტროდან აცნობეს, სტუმრებს შორის არიან საზღვარგარეთ არსებული სხვადასხვა ჩერქეზული დიასპორების წარმომადგენლები, ცნობილი მეცნიერ-კავკასიოლოგები, კულტურის მოღვაწეები თურქეთიდან, იორდანიიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან.
ჩერქეზული დიასპორის წარმომადგენლები საქართველოში ჩერქეზული კულტურის ცენტრის დაფუძნებასთან დაკავშირებით იმყოფებიან. სტუმრების უმრავლესობა რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი (ადიღეელი) ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალის მოწყობის თაობაზე გამოცხადებული კონკურსის კომისიის წევრია. კონკურსი მემორიალზე დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გამოაცხადა.
მემორიალი, რომელიც რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზი ხალხის მიმართ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა ხსოვნას მიეძღვნება, საქართველოს შავიზღვისპირეთის ქალაქ ანაკლიაში უნდა განთავსდეს.

















