„ვითიბი ბანკ-ჯორჯია” ქუთაისის სახელმწიფო დრამატული თეატრის ძირითადი მხარდამჭერი და გენერალური სპონსორი გახდა.
როგორც „ნიუსპრესს“ „ვითიბი“-დან აცნობეს, ბანკსა და თეატრს შორის პარტნიორობის ხელშეკრულება გაფორმდა, რომლის თანახმად, მომდევნო 2 წლის განმავლობაში „ვითიბი ბანკი“ ქუთაისის დრამატული თეატრის გენერალური სპონსორი იქნება.
„ვითიბიმ“ 1 მლნ 650 ათასი ლარი გამოყო, რაც თეატრში სარეკონსტრუქციო და სარემონტო სამუშაოებს მოხმარდა.
როგორც „ვითიბი ბანკ-ჯორჯიას“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ კონცელიძემ განაცხადა, ბანკი კულტურისა და სპორტის განვითარების მიზნით, ამ სფეროებში არაერთ მნიშვნელოვან პროექტს აფინანსებს.
კონცელიძის თქმით, „ვითიბი“-სა და ქუთაისის თეატრს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება.

















