„დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა
ივანიშვილის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და მათ დადასტურებას ითხოვს.
როგორც ბურჯანაძემ განაცხადა, გაზეთ „ალიაში“ ივანიშვილი მას ხელისუფლებასთან გარიგებაში ადანაშაულებს, რაც გაუგებარი და აუხსნელი ბრალდებაა.
,,პირველ რიგში მინდა ულტიმატუმის ფორმით მოვთხოვო ბატონ ბიძინას, დაადასტუროს ეკუთვნის თუ არა მას ეს ბრალდება. ნამდვილად თვლის თუ არა ივანიშვილი, რომ ნინო ბურჯანაძე არის ხელისუფლებასა და მიხეილ სააკაშვილთან შეკრული და შესაბამისად, ადასტურებს თუ არა, რომ მე პირადად ვუღალატე სამშობლოს, ჩვენ ხალხს და ყველა იმ ადამიანს, ვინც 26 მაისს სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ შეუპოვრად იბრძოდა“ - განაცხადა ბურჯანაძემ.
მისივე თქმით, ივანიშვილს საზოგადოების წინაშე ბრალდების უარყოფა ან არგუმენტირება მოუწევს.
„დადასტურების შემთხვევაში, მან საზოგადოებას უნდა აუხსნას როდის მოატყუა ხალხი - მაშინ, როცა აცხადებდა, რომ ბურჯანაძე ამ ხელისუფლების წინააღმდეგ უკომპრომისო და შეურიგებელი მებრძოლიაო თუ, როცა ამბობს, რომ მე თითქოს სააკაშვილთან შეთანხმებით ვმოქმედებ“ - აღნიშნა ბურჯანაძემ.
„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ივანიშვილისგან პასუხს ელის და ამის შემდეგ იმოქმედებს.
ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ მოღალატეობა და ხალხის მოტყუება დაუსჯელი არ უნდა დარჩეს.
ამასთან, მან დღეს ბრიფინგზე აღნიშნა, რომ ოპოზიციაში ყოფნის დღიდანვე, ხელისუფლების წინააღმდეგ იბრძოდა და არა რომელიმე ოპოზიციის წარმომადგენელის წინააღმდეგ.

















