ახალი ტიპის მართვის მოწმობა, მხოლოდ გარეგნული ნიშნითაა მიახლოებული კონვენციურ დოკუმენტთან, ე.წ. ევროკავშირის მართვის მოწმობასთან. ამის შესახებ „ნიუსპრესს“ „დემოკრატიული
მოძრაობა-ერთიანი საქართველოს“ მთავარი საბჭოს წევრმა შალვა ოგბაიძემ განუცხადა.
ოგბაიძის განმარტებით, ახალი მართვის მოწმობა „ფარატინა ქაღალდად“ რჩება და მისი შემოღება ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ ფულის კეთების მორიგი მცდელობაა.
„ახალი მართვის მოწმობის შემოღება ავტომატურად ნიშნავს ძველის უვარგისობას. რამდენიმე წლის წინ, ხელისუფლება დიდი გულმოდგინები გვისაბუთებდა, რომ მოწმობა ზუსტად ისეთი იქნებოდა, რაც სრული ბედნიერებისთვის გვაკლდა. მაშინ, კერძო კომერციულმა სტრუქტურამ უზარმაზარი თანხა გააკეთა“- აღნიშნა ოგბაიძემ.
მისი განცხადებით, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დანაპირები შეესრულებინა და საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად დარჩენილი გაუფორმებელი ტექნიკა სოფლად მცხოვრები მოსახლეობისთვის გაეფორმებინა, მათ სურპრიზი შესთავაზა. კერძოდ, ახალი მართვის მოწმობის ფლობა მათთვისაც სავალდებულო იქნება.
„ეს საკითხი მსჯელობის საგანი უნდა გახდეს, თუმცა, სამწუხაროდ იმედი მაქვს გადაწურული. ამ ხელისუფლებას მოქმედების მხოლოდ ერთი მანერა აქვს - მე ასე მსურს და მისი ნათქვამი ჭეშმარიტების უმაღლესი ინსტანციაა. ამიტომ, მიმაჩნია, რომ ხელისუფლებას არ აქვს რესურსი დიალოგში შევიდეს თავის ამომრჩეველთან. საკუთარი თანამოქალაქეებისთვის ის უკვე დიდი ხანია მომსახურების ზონიდანაა გასული“- განაცხადა ოგბაიძემ.
ახალი მართვის მოწმობების შემოღებასთან დაკავშირებით პრეზიდენტის ბრძანებულება უკვე გამოქვეყნდა. დღემდე არსებული 5 კატეგორია – A,B,C,D,E, დაყოფილია 15 კატეგორიად: A - მოტოციკლეტი, B - მსუბუქი მანქანა, C -სატვირთო მანქანა, D - ავტობუსი, BE - მისაბმელიანი მსუბუქი მანქანა, CE - მისაბმელიანი სატვირთო მანქანა, DE - მისაბმელიანი ავტობუსი, T - ტრაქტორი, A1 - სკუტერი, B2 - მცირე ზომის მსუბუქი ავტომანქანა, C1 - მცირე ზომის სატვირთო, D1 - მცირე ზომის ავტობუსი, C1E- მცირე ზომის სატვირთო მისაბმელით, D1E - მცირე ზომის ავტობუსი მისაბმელით და S - ესკავატორი.
მართვის მოწმობების ძველი ნიმუშების გაუქმების შესახებ ბრძანებულების პუნქტი 1 აგვისტოდან ამოქმედდება.

















